სანამ ექიმი მოვა საჭირო იქნება აფთიაქში შეიხედო, მაგრამ რომელში?

და სანამ აფთიაქში წახვალ საკუთარი სახლის „მინი“ აფთიაქშიც ჩაიხედე, რომელიც ყოველ ოჯახში უნდა იყოს გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების გასაწევად. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სახლის მინიაფთიაქი თვითმკურნალობისთვის კი არაა განკუთვნილი, არამედ პირველი დახმარების სწრაფად გაწევისათვის, სანამ ექიმს მიაკითხავთ. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში თქვენ ნახავთ ყველაზე საჭირო სამკურნალო და გადასახვევი საშუალებებს:
- ვალიდოლი, ვალოკორდინი, კორვალოლი და ვალერიანის წვეთები - გულისცემის აჩქარების დამაწყნარებელი და საერთოდ დამამშვიდებელი საშუალებებია;
- ბორის მჟავა, იოდის სპირტხსნარი, წყალბადის ზეჟანგი, კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარი (მარგანცოვკა) - ანტისეპტიკური საშუალებებია;
- თურმანიძის, კოლხური, სტრეფტოციდისა და სინტომიცინის მალამო, პროპოლისის სპირტხსნარი - ჭრილობების, დამწვრობისა და კანის მცირე ნახეთქების დროს გამოიყენება;
- ბისეფტოლი, ბესალოლი, ფტალაზოლი, ფესტალი, გააქტიურებული ნახშირი - გამოიყენება სადიზიფექციო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად მსუბუქი მოწამვლის დროს;
- ასპირინი, ანალგინი, პარაცეტამოლი - ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებებია;
- იოდინოლი, ფურაცილინი, კალენდულას ნაყენი - ცხვირ-ხახისა და ყელის ანთებების დროს სავლებ-საცხ საშუალებებს მიეკუთვნება;
- ნაფტიზინი, გალაზოლინი, მენთოლის ზეთი, კამეტონი (აეროზოლი) - სურდოს საწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება;
- ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (საჭმელი სოდა) - ყელის სავლებად და გულძმარვის საწინააღმდეგოდ გამოიყენება;
- ნიშადურის სპირტი (ამიაკის წყალხსნარი) - გულის წასვლისას ან ძლიერი სიმთვრალის დროს გამოიყენება;
- ტალკი, სტრეპტოციდის ფხვნილი, კრახმალი - სველი გამოყარზე მისაყრელად და შესაშრობად გამოიყენება.
სახლის მინიაფთიაქში კიდევ უნდა იყოს გადასახვევი საშუალებები - ბინტი, მარლა, სტერილური სალფეთქები, ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული), მდოგვის მისაკრავი, პიპეტი, თერმომეტრი, რეზინის სათბობი, ოყნა, პინცეტი და სხვა აუცილებელი საშუალებანი.
ამასთან ერთად სასურველია სახლში იქონიოთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები, როგორებიცაა: ვალერიანის ძირები, კუნელი, მუხის ქერქი, გვირილას ყვავილი, ასკილი, შავბალახა, მრავალძარღვა, პიტნა, თაფლი, პროპოლისი და ა.შ.
დღეს მრავალი წამალი ურეცეფტოდ იყიდება, თავის საქმეს აკეთებს ტელერეკლამაც... მაგრამ ისმება კითხვა - მართლა ასეთი საუკეთესო წამლები იყიდება?
ხშირ შემთხვევაში მათი ფასი ძლიერ განსხვავდება „ძველი“ წამლებისაგან. მართლა ყოველთვის ხარისხით ჯობია ახალი წამლები ძველებს?
ყურადღება მიაქციეთ ამ რუბრიკაში განთავსებულ ინფორმაცის და ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეცდებით გავცეთ ასეთ კითხვებზე პასუხი.